FAQ

წარმატებული საერთაშორისო პროექტი და მისი როლი საქართველოს უმაღლეს განათლებაში არსებული სწავლებისა და სწავლის პრაქტიკის განვითარებაში

8 ივლისი 2022

ბუდაპეშტში  პროექტის - PROFFORMANCE - Assessment Tool and Incentive Systems for Developing Higher Education Teachers' Performance (შეფასების ინსტრუმენტი და წახალისების სისტემები აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის უმაღლეს განათლებაში) დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. 


PROFFORMANCE არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის რეფორმების მხარდაჭერის პროექტი, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება და რომელშიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ერთერთი პარტნიორია.


ჰიბრიდულ ფორმატში გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ მონაწილეები 20 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართელოდან. 

მონაწილეთა შორის იყვნენ უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, უმაღლესი განათლების ექსპერტები და პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული პირები.  
პროექტი 2020 წელს დაიწყო და მას კოორდინირებას უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტრო და Tempus-ის საზოგადოებრივი ფონდი უწევდა.
კონფერენციის განმავლობაში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში საქართელოს მხრიდან მონაწილეობა მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ლაშა მარგიშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის შედეგების მნიშვნელობაზე, საქართველოში უმაღლეს განათლებაში არსებული სწავლებისა და სწავლის პრაქტიკის დაახლოებაში ევროპულ პრაქტიკასთან. 


უმაღლეს განათლებაში აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება არის ერთერთი მიმართულება, რასაც ცენტრი მის მიერ განხორციელებულ უმაღლესი განათლების პროგრამებისა  და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შეფასებების პროცესში ახორციელებს.


ამ შეფასებების განხორციელების გარდა, ცენტრი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებას და განათლების   ხარისხის განვითარებას ეროვნულ დონეზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ცენტრის მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. 


პროექტის ფარგლებში შემუშავებული ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის წევრებს შეაფასონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა კი განავითარონ აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისა და წახლისების სისტემები.  


PROFFORMANCE პროექტისა და მის ფარგლებში ჩატარებული კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს ან მიწერეთ PROFFORMANCE პროექტის განხორციელებაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან ჩართულ თანამშრომლებს - თორნიკე ბაქაქურს (t.bakakuri@eqe.ge,) და ლალი გიორგიძეს (l.giorgidze@eqe.ge).
 

წარმატებული საერთაშორისო პროექტი და მისი როლი საქართველოს უმაღლეს განათლებაში არსებული სწავლებისა და სწავლის პრაქტიკის განვითარებაში