განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით 6-8 დეკემბერს, თბილისში, ევროპის განათლების ფონდის (European Training Foundation - ETF) ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს, რომელიც ყოველწლიურად, რომელიმე წევრ ქვეყანაში ან ფონდის წევრობით დაინტერესებული ქვეყნის მხრიდან შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ტარდება.
შეხვედრების მონაწილეები განიხილავენ, საქართველოში, პროფესიულ განათლებაში მომზადება/გადამზადების სისტემას და ETF-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეაფასებენ მომზადება/გადამზადების სისტემის ეფექტიანობას.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ETF-ის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენელი. ასევე, საქართველოში პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების მიმართულებით ყველა დაინტერესებული მხარე.
აღსანიშნავია, რომ ფორუმი ყოველ წელს ევროპის განათლების ფონდის (ETF) ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ETF-ის წევრია 28 ქვეყანა, მათ შორის, სერბეთი, ისრაელი, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა.
2022 წელს, საქართველოს, ETF-ში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე მიეცა შესაძლებლობა ემასპინძლა ევროპის განათლების ფონდის ფორუმისათვის.
მსგავსი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების განვითარების კუთხით და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.