FAQ

სამუშაო შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის განხილვის მიზნით

12 აპრილი 2023

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, 2023 წლის 31 მარტს ონლაინ ფორმატში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის შესახებ.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლაშა მარგიშვილი, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრები.

სამუშაო შეხვედრისას მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებულ დარგობრივ მახასიათებელზე ისაუბრა სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გერიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა, მედიცინის დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარემ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო წევრმა, ქალბატონმა გაიანე სიმონიამ. პროფესორმა სიმონიამ განიხილა მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის ძირითადი ასპექტები და თავისებურებები, რაც მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მიერ დოკუმენტის ერთგვაროვანი გააზრებისა და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გამოსარიცხად.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს შემდეგი საკითხები: მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის პრაქტიკაში დანერგვის სპეციფიკა, განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პრაქტიკაში დანერგვისთვის საჭირო სამართლებრივი/იურიდიული საკითხები, განახლებული დარგობრივი მახასიათებლის ბმა საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნებთან, საგანმანათლებლო პროგრამის უზრუნველყოფისთვის საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსი, სწავლებისა და შეფასების მეთოდები, კლინიკური სწავლებისა და კურსების სწავლება-სწავლისა და ადმინისტრირების სპეციფიკა, ცვლილებები არსებულ მოთხოვნებსა და OSCE-ის განხორციელებაში.