FAQ

ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) ასამბლეასა და სემინარში მიიღეს მონაწილეობა

16 ივნისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) გენერალურ ასამბლეასა და სემინარებში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ასტანაში, ყაზახეთში გაიმართა და მას ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტო (IAAR) მასპინძლობდა. 

პირველი სამუშაო დღე დაეთმო სემინარს, თემაზე - „ხალხი და კულტურა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებში“, რომლის ფარგლებშიც ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო ქსელის (INQAAHE) ყოფილმა პრეზიდენტმა, სუზანა კარახანიანმა წარმოადგინა პრეზენტაცია, თემაზე „უმაღლესი განათლების ძირითადი ღირებულებები და მათი როლი ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობების განვითარებაში“. ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) დირექტორის მოადგილემ, მელინდა სზაბომ წარმოადგინა პრეზენტაცია, თემაზე: „ESG სტანდარტების პერსპექტივები, ადამიანური რესურსები და პროცესები შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით“. 

პანელური დისკუსიის ფარგლებში CEENQA-ს წევრმა სააგენტოებმა გააზიარეს გამოცდილებები და საუკეთესო პრაქტიკები ადამიანური რესურსების მართვაში, გაციფრულების როლსა და მის გავლენებზე, ხარისხის უზრუნველყოფის ჭრილში. წევრმა სააგენტოებმა მოკლედ მიმოიხილეს მიმდინარე და ახლად განხორციელებული ცვლილებები როგორც საკანონმდებლო, ასევე სტრუქტურული და ორგანიზაციული მიმართულებებით. ცენტრის წარმომადგენლების მხრიდან წარდგენილ იქნა საქართველოში უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები.

აღსანიშნავია, რომ ცენტრი 2020 წლიდან CEENQA-ს წევრია. ქსელის მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. ქსელის წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების გზით, ქსელში გაწევრიანების შესაძლებლობა ეძლევათ ხარისხის განვითარების იმ სააგენტოებს, რომლებიც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ხელმძღვანელობენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით და სახელმძღვანელო პრინციპებით, როგორიცაა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG 2015).
  

https://www.ceenqa.org/

ცენტრის  წარმომადგენლებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA)  ასამბლეასა და სემინარში მიიღეს მონაწილეობა