FAQ

ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას

26 ივლისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მოწვევით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საერთაშორისო ექსპეტრმა და შვეიცარიის გამოყენებით მეცნიერებათა ამერიკული ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ანკა პრისაკარიუმ, საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის  ჩაატარა ონლაინ ტრეინინგი თემაზე - "თვითშეფასება განმეორებითი ავტორიზაციის პროცესისთვის".


ტრენინგს ესწრებოდა 70 წარმომადგენელი იმ 24 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელსაც განმეორებითი ავტორიზაციის პროცესი უწევს 2024 წელს. 


ტრენინგის მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს  მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად - ავტორიზაციის პროცესში წარმოსადგენი თვითშეფასების მიზანი და ამოცანები, თვითშეფასების სახელმძღვანელო პრინციპები, თვითშეფასებაში 2018 წლიდან დღემდე მიღწეული პროგრესის, ასევე გასაუმჯობესებელი მხარეების წარმოჩენის მეთოდოლოგია, თვითშეფასების საუკეთესო პრაქტიკები და საერთაშორისო გამოცდილება.


განათლების ხარისხის შიდა მექანიზმების დანერგვისა და განათლების ხარისხის შიდა კულტურის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრი მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს მსგავსი სახის აქტივობებისა და ღონისძიებების შეთავაზებას საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის."