FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის (Erasmus+ CBHE Strand 1, HEAL) პარტნიორი გახდა

11 იანვარი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პარტნიორის სტატუსით შეუერთდა ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტს სახელწოდებით ,,განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში.”
 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ექიმ-სტომატოლოგთა საქმიანობის გაძლიერებას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამების კურიკულუმების განახლებით/მოდერნიზებით და სტუდენტების აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარებით, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში.
 

პროექტის ძირითადი ამოცანებია: 

•    თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო გეგმების მოდერნიზება, არსებული სასწავლო კურსების განახლება და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერება, რათა ექიმებმა შეძლონ შშმ პირებისთვის ხარისხიანი სტომატოლოგიური სერვისის მიწოდება უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით. 

•    პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პრაქტიკული მომზადება/გადამზადება; 

•    თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში პრაქტიკოსი სტომატოლოგების უწყვეტი სწავლის (LLL) შესაძლებლობებით უზრუნველყოფა სპეციალური სასწავლო მოდულების შემუშავებითა და შეთავაზების გზით; 

•    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებისა და მათი მომვლელების ცნობიერების ამაღლება პირის ღრუს ჯანმრთელობის და სტომატოლოგიური სერვისების მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.


 
პროექტი ევროპის უნივერსიტეტის კოორდინირებით განხორციელდება 2024-2026 წლებში და მასში ცენტრთან ერთად ჩართულები იქნებიან როგორც ადგილობრივი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები.


https://heal.eu.edu.ge/ .

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის (Erasmus+ CBHE Strand 1, HEAL) პარტნიორი გახდა