FAQ

ცენტრმა სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა

24 აპრილი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტ პროფესორ რიკარდო ლეინ-ბორკეს, ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ პროფესორ ჰარმ პიტერსს და ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტ პროფესორ სუბჰა რამანს უმასპინძლა.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე წულაძემ, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების თანამშრომლებმა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა, მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი , გაიანე სიმონია, რომელმაც სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია - მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის ძირითად ასპექტებზე.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში, WFME-ის მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა და არსებითად განახლდა მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც დეტალურად აღწერს სწავლის შედეგებსა და კომპეტენციებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების ყველა კურსდამთავრებული.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის მოპოვებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის მნიშვნელობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო განათლების მიმართულებით ზემოაღნიშნული წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სამედიცინო განათლების განვითარების მიმართულებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.

ცენტრმა სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა