სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებთან პირველი კვარტალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესის ფარგლებში მიმდინარე პროგრესის შესახებ პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების ინფორმირებას, მათგან უკუკავშირის მიღებასა და შემდგომი აქტივობების დაგეგმვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის წევრები.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის სტრუქტურა და საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე შეარჩიეს ის ძირითადი ქვეყნები, რომელთა მაგალითებიც გაანალიზდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისას.
სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).
აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს საქართველოში არსებული კვალიფიკაციების თავსებადობის დადგენას ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე.