განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა ლატვიის ქალაქ რიგაში გამართულ „კვალიფიკაციის ჩარჩოები ნდობის, გამჭვირვალობისა და მრავალფეროვნებისთვის – TPG A (QUATRA 2)“ პროექტის სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს QUATRA – TPG A (2022–2025) წარმატებით განხორციელებული ინიციატივის გაგრძელებას, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობდა, როგორც პროექტის პარტნიორი ქვეყანა.
პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) წევრებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და კოლეგებისგან სწავლების ხელშეწყობა, რათა გაძლიერდეს ქვეყნების შესაძლებლობები უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ჩარჩოების შემუშავებასა და განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს, TPG A ჯგუფისთვის სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას შემდეგ საკითხებზე:
კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირება;
კვალიფიკაციების ჩარჩოს გამჭვირვალობა;
მინიჭებული კვალიფიკაციების ავტომატური აღიარება;
ფორმალური განათლების სისტემის მიღმა მოქმედი პროგრამები და კვალიფიკაციების რეესტრი.
პროექტი ხორციელდება ლატვიის აკადემიური ინფორმაციის ცენტრის (AIC) კოორდინირებით. პარტნიორი ორგანიზაციებია: სან მარინოს რესპუბლიკის განათლების დეპარტამენტი; მალტას შემდგომი და უმაღლესი განათლების მმართველი უწყება; ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული ასოციაცია (EURASHE).
პროექტში ჩართული ასოცირებული პარტნიორი ქვეყნები არიან საქართველო და საფრანგეთი.