FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა Erasmus+-ის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

8 დეკემბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა ლატვიის ქალაქ რიგაში გამართულ „კვალიფიკაციის ჩარჩოები ნდობის, გამჭვირვალობისა და მრავალფეროვნებისთვის – TPG A (QUATRA 2)“ პროექტის სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. 

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს QUATRA – TPG A (2022–2025) წარმატებით განხორციელებული ინიციატივის გაგრძელებას, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობდა, როგორც პროექტის პარტნიორი ქვეყანა.

პროექტის მიზანია ბოლონიის პროცესის თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) წევრებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და კოლეგებისგან სწავლების ხელშეწყობა, რათა გაძლიერდეს ქვეყნების შესაძლებლობები უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ჩარჩოების შემუშავებასა და განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს, TPG A ჯგუფისთვის სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას შემდეგ საკითხებზე: 
კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირება; 

კვალიფიკაციების ჩარჩოს გამჭვირვალობა; 

მინიჭებული კვალიფიკაციების ავტომატური აღიარება; 

ფორმალური განათლების სისტემის მიღმა მოქმედი პროგრამები და კვალიფიკაციების რეესტრი.

პროექტი ხორციელდება ლატვიის აკადემიური ინფორმაციის ცენტრის (AIC) კოორდინირებით. პარტნიორი ორგანიზაციებია: სან მარინოს რესპუბლიკის განათლების დეპარტამენტი; მალტას შემდგომი და უმაღლესი განათლების მმართველი უწყება; ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული ასოციაცია (EURASHE). 

პროექტში ჩართული ასოცირებული პარტნიორი ქვეყნები არიან საქართველო და საფრანგეთი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა  Erasmus+-ის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა