განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის — „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ — ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან მეოთხე კვარტალური სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების მიმდინარე პროგრესის შეჯამება და საერთაშორისო ექსპერტებისგან უკუკავშირის მიღება.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს. მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს ამ რეფორმების შედეგად განხორციელებული სისტემური ცვლილებების ანგარიშში ასახვის მეთოდოლოგიაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ მეტა ჩარჩოებთან რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრის შედეგები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).
აღნიშნული პროცესის განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოში არსებული კვალიფიკაციების თავსებადობის დადგენას ევროპულ კვალიფიკაციებთან, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე.