პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირებისპროცესის სამუშაო ჯგუფის მე-7 სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მის მიზანს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების ანგარიშის შემუშავების პროცესში მიღწეული პროგრესისა და საქართველოს უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მსჯელობა წარმოადგენდა.
მონაწილეებმა განიხილეს აღნიშნული რეფორმები და შეთანხმდნენ, რომ მომზადებულ ანგარიშში უნდა აისახოს ყველა ის არსებითი ცვლილება, რომელიც დაკავშირებული იქნება განათლების თითოეულ საფეხურთან.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, პროექტის გუნდმა სამუშაო ჯგუფს ასევე წარუდგინა ცენტრის მიერ შემუშავებული შემდეგი დოკუმენტები:
1. „მოკლე ციკლის კვალიფიკაციების დანერგვის გამოწვევები და მათი განვითარების შესაძლებლობები საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების სისტემაში“;
2. „მიკროკრედიტების სახელმძღვანელო“, რომელიც ცენტრის მიერ შემუშავდა ერაზმუს+"-ის გრანტით დაფინანსებული პროექტის - „მიკროკრედიტები საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებისთვის: სამხრეთ კავკასიის შუქურის (Micro-GEAR)" ფარგლებში.
აღნიშნული დოკუმენტები რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის ფუნდამენტური წყაროები გახდება, რადგან მათში გაანალიზებულია მოკლე ციკლის კვალიფიკაციებისა და უმაღლესი განათლების სისტემაში მცირეკრედიტიანი პროგრამების დანერგვისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები და მათთან დაკავშირებული რისკების მართვის მექანიზმები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზაციას მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).