FAQ

საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესი გრძელდება

21 მაისი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართა.  


შეხვედრების ძირითად მიზანს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის პროექტზე მუშაობა და მისი შემდგომი დახვეწა წარმოადგენდა. 


შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს უმაღლესი განათლების კანონმდებლობასა და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში განხორციელებული ცვლილებების რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშში სრულყოფილად ასახვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 


შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების თემატურ ჯგუფში (TPG A on QF) მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მიღებულ რეკომენდაციებსა და გამოცდილებაზე. 


სამუშაო შეხვედრების ფარგლებში დამუშავდა რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის პროექტი და  შეთანხმდა მისი სამუშაო ვერსიის წარდგენის ვადები.  პროცესის ეფექტიანად და გამჭვირვალედ წარმართვის უზრუნველსაყოფად, დაიგეგმა ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების ჩატარების განრიგი.  


აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების პროცესის გამარტივებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას. 

საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესი გრძელდება