FAQ

ცენტრის საერთაშორისო კონფერენციაზე ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნვეელყოფის საკითხები განიხილეს

15 ოქტომბერი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის ერთ-ერთი სესია ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს დაეთმო.


კონფერენცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა გახსნა. მან ცენტრის 2026 წლის საქმიანობა შეაჯამა და მონაწილეებს სამომავლო ხედვები გააცნო.


ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, თამარ შენგელიამ, მონაწილეებს სამსახურის 2026 წლის საქმიანობის შედეგები და მომავალი წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.


კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და მათი ფსიქოსოციალური მხარდაჭერა იყო. ამ საკითხებზე მონაწილეებმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.


ასევე განიხილეს სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესების შესაძლებლობები და უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების პროცედურები.


მონაწილეები გაეცნენ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და Pearson Education-ის უცხოური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის თავისებურებებს.


კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. 

ცენტრის საერთაშორისო კონფერენციაზე ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნვეელყოფის საკითხები განიხილეს