FAQ

სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში

 

1.    სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME):

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია - World Federation of Medical Education (WFME) - წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ემსახურება სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარებას მთელს მსოფლიოში. WFME-ს შემუშავებული აქვს საერთაშორისო სტანდარტები როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომის შემდეგი სამედიცინო განათლებისათვის. აღნიშნული სტანდარტები დროის გარკვეულ პერიოდში ექვემდებარება ცვლილებას. მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: The World Federation for Medical Education
 
2.    ცენტრის აღიარება WFME-ს მიერ

2018 წლის 18 ნოემბერს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 10 წლის ვადით მოიპოვა WFME-ს აღიარება. აღიარებას წინ უსწრებდა ცენტრის შეფასება საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელთა პოზიტიურ დასკვნასაც დაეყრდნო გადაწყვეტილება აღიარების შესახებ. მეტი ინფორმაცია აღნიშნულზე ხელმისაწვდომია ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/643/sameditsino-ganatlebis-msoflio-federatsia-wfme
 
3.    შესაბამისობა WFME-ს მოთხოვნებთან

WFME-ს მიერ ჩატარებული შეფასებისა და აღიარების თანახმად, ცენტრის სტანდარტები და პროცედურები სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, შესაბამისობაშია ფედერაციის სტანდარტებთან.
შეფასების პერიოდში ცენტრს შემუშავებული ჰქონდა მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი  https://old.eqe.ge/geo/parent/73, რომელიც ეფუძნებოდა WFME-ს 2015 წლის სტანდარტებს საბაზისო სამედიცინო განათლებისათვის (BME 2015). ფედერაციამ 2020 წლის ბოლოს გამოაქვეყნა საბაზისო სამედიცინო განათლების განახლებული სტანდარტი (BME 2020), 2021 წელს კი კოვიდ-19 ს პანდემიით გამოწვეული მიზეზების გათვალისწინებით შეიმუშავა სტანდარტები დისტანციური სამედიცინო განათლებისათვის (DDL 2021).
სამედიცინო განათლების დარგობრივმა საბჭომ მხედველობაში მიიღო ორივე განახლებული დოკუმენტი და მოამზადა დარგობრივი მახასიათებლის განახლებული ვერსია, რომელიც დამტკიცდა 2022 წლის 16 ნოემბერს (ბოლოს განახლდა 2026 წლის 1 აპრილს) და განთავსებულია ცენტრის ვებ-საიტზე https://eqe.ge/ka/page/static/1033/jandacva-socialuri-ketildgheoba
 
4.    WFME-ს აღიარება და მნიშვნელობა

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია თავად არ ახორციელებს სამედიცინო პროგრამების/სკოლების აკრედიტაციას, არამედ, აღიარების პროცესის ფარგლებში აფასებს, თუ რამდენად შეესაბამება ცალკეული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტები, პროცესები, დარგობრივი მახასიათებლები და სხვა WFME-ს სტანდარტებს განათლების შესაბამისი საფეხურისათვის. WFME-ს აღიარება ნიშნავს იმას, რომ წინასწარ განსაზღვრული ობიექტური შეფასების ფარგლებში ფედერაციამ დაადგინა კონკრეტული სააგენტოს შესაბამისობა ფედერაციის სტანდარტებთან. მეტი ინფორმაცია WFME ს აღიარების პროგრამაზე ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://wfme.org/

WFME - ს მიერ აღიარებული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე მინიჭებული აკრედიტაცია მიანიშნებს, რომ აკრედიტაციის პროცესი ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ამაღლებს ცენტრის მიერ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაციის გლობალური აღიარების ხარისხსა და სანდოობას.
 
5.    WFME-ს აღიარება და USMLE-გამოცდაზე დაშვების შესაძლებლობა 2024 წლიდან

უცხოური სამედიცინო სკოლების კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის (ECFMG) დადგენილების მიხედვით, 2024 წლიდან ECFMG სერტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ იმ სამედიცინო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომელთაც აკრედიტაცია მიენიჭათ WFME-ს მიერ აღიარებული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ (დადგენილების ორიგინალი ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: Accreditation - 2024 Accreditation Requirement). 

ECFMG-ს სერტიფიკაცია ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (USMLE) ფინალურ, მე-3 საფეხურზე დაშვებისათვის. შესაბამისად, ცენტრის მიერ აკრედიტებული სამედიცინო სკოლების კურსდამთავრებულები უფლებამოსილები არიან გაიარონ ECFMG სერტიფიკაცია და ჩააბარონ USMLE გამოცდის ყველა საფეხური.
 

6.    სამედიცინო  განათლების ხარისხის უზრუნველყოფა

 
საქართველოში სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სრულ შესაბამისობაშია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. ქვეყანაში მოქმედი „მედიცინის დოქტორის“ (MD) ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) მიერ.

შესაბამისად, საქართველოში სამედიცინო პროგრამების შეფასება სრულად შეესაბამება WFME-ის სტანდარტებსა და პროცედურებს, ასევე — ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მოთხოვნებს, რაც უზრუნველყოფს „დიპლომირებული მედიკოსის (MD)“ კვალიფიკაციისა და დიპლომის საერთაშორისო აღიარებას. 

საქართველოში გაცემული დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია შეესაბამება ინდოეთის სამედიცინო საბჭოს (National Medical Commission – NMC)  უცხოეთში სამედიცინო განათლებამიღებული კურსდამთავრებულებისთვის ლიცენზირების რეგულაციების  (ECFMG). კურსდამთავრებულებს ასევ აქვთ უფლება, აშშ-ში ჩააბარონ USMLE-ის გამოცდები და დაიწყონ დიპლომისშემდგომი მომზადება. 


7.    მედიცინის პროგრამა და  მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების საგანმანათლებლო პროგრამა 6 წელი გრძელდება და კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია. აღნიშნული კვალიფიკაცია გათანაბრებულია ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მე-7 დონესთან. დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი,  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან.


 
8.    მედიცინის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა, მოცულობა და სასწავლო დატვირთვა

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 360 ECTS კრედიტს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესისა“ და ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისად, პროგრამის ხანგრძლივობაა 6 წელი.

სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში 60 ECTS კრედიტია. ინდივიდუალური სასწავლო გეგმით წლიური დატვირთვა შეიძლება 60 კრედიტს აღემატებოდეს, თუმცა პროგრამის დადგენილი ხანგრძლივობის ფარგლებში 60-ზე მეტად დამატებული კრედიტების ჯამური რაოდენობა 15 კრედიტს არ უნდა აღემატებოდეს. აქედან გამომდინარე, მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ვერ იქნება 6 აკადემიურ წელზე ნაკლები ხანგრძლივობის.

 

9. რეგულირება და მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა რეგულირებადია. მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო შეიმუშავებს მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების სტანდარტს (უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელს), რომელსაც ამტკიცებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი  (მოქმედი დარგობრივი მახასიათებელი იხ.: https://eqe.ge/ka/page/static/1033/jandacva-socialuri-ketildgheoba).

დარგობრივი მახასიათებელი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) საერთაშორისო სტანდარტების  გათვალისწინებით განსაზღვრავს სწავლის შედეგების მინიმალურ მოთხოვნებს, რომელიც უნდა გააჩნდეს მედიცინის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს, განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად საჭირო სწავლების, სწავლისა და შეფასების მეთოდებს, რესურსებს, სხვა არსებით მახასიათებლებს და მათ შორის  სარეკომენდაციო მითითებებს.

დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული სწავლის შედეგებისა და სხვა სავალდებულო მოთხოვნების გაზიარების აუცილებლობის მიუხედავად, დოკუმენტი აწესებს მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მინიმალურ სავალდებულო მოთხოვნებს, რაც არ ზღუდავს მედიცინის  საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნებას. აკრედიტაციის პროცესში წახალისებულია პროგრამის ინდივიდუალურობა იმ პირობით, რომ იგი აკმაყოფილებს რეგულირების ფარგლებში დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.

 

10. პროგრამის სტრუქტურა და კლინიკური სწავლება

პირველი სამი წლის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ ფუნდამენტურ და ძირითად პრეკლინიკურ საგნებს და კლინიკურ უნარებს ეუფლებიან კლინიკური უნარების ცენტრებში. მეოთხე წლიდან იწყება კლინიკური როტაციები. IX–XII სემესტრებში (მე-5 და მე-6 წლები) სტუდენტები კლინიკურ სწავლებას გადიან საუნივერსიტეტო კლინიკებში, პარტნიორ  სასწავლო კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ეროვნული რეგულაციებითა და დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მე-5 და მე-6 წელი კლინიკურ გარემოში სწავლას ეთმობა და კლინიკური სწავლება ამ პერიოდში მოიცავს 120 ECTS კრედიტს.გარდა ამისა, მე-6 წელი სრულად ეთმობა სავალდებულო ინტერნატურას (internatura). პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეკვივალენტურია ინდოეთსა და გაერთიანებულ სამეფოში შეთავაზებული MBBS პროგრამებისა.

 

11. სავალდებულო დისციპლინები

პროგრამის სტრუქტურა და სავალდებულო საგნების ჩამონათვალი, რომელთა თეორიული და პრაქტიკული/კლინიკური სწავლებაც აუცილებელია, ინდოეთის სამედიცინო საბჭო (National Medical Commission – NMC) მიერ 2021 წელს განსაზღვრული „უცხოეთში სამედიცინო განათლების მიღებული კურსდამთავრებულებისთვის ლიცენზირების რეგულაციების (Foreign Medical Graduate Licentiate Regulations (FMGL))   დანართი №1-ით  სრულად არის ასახული საქართველოში აკრედიტებულ დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამებში:
•    პრეკლინიკური და პარაკლინიკური საგნები: ანატომია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, პათოლოგია, მიკრობიოლოგია, ფარმაკოლოგია, სასამართლო მედიცინა და ტოქსიკოლოგია.
•    კლინიკური საგნები და კლინიკური როტაციის სავალდებულო სფეროები: შინაგანი მედიცინა, პედიატრია, ფსიქიატრია, ზოგადი ქირურგია, ანესთეზიოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია, ორთოპედია, ოტორინოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, დერმატოლოგია, საზოგადოებრივი და პროფილაქტიკური მედიცინა, გადაუდებელი დახმარების სერვისები, ლაბორატორიული სერვისები და მათი ქვესპეციალობები.

 

12. კურსდამთავრებულთა უფლებები და პროფესიული პერსპექტივები

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის კურსდამთავრებულს, მისი ეროვნების მიუხედავად, უფლება აქვს:
•    დასაქმდეს უმცროს ექიმად, ამ პოზიციაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის მითითებითა და პასუხისმგებლობით;
•    განაგრძოს სწავლა დოქტორანტურაში (კვლევითი კარიერა ბიოსამედიცინო მეცნიერებებში, PhD ხარისხის მოსაპოვებლად, არანაკლებ 3 წლის განმავლობაში) და ჩაერთოს პედაგოგიურ და/ან სამეცნიერო საქმიანობაში;
•    იმუშაოს პარამედიკოსად შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ.

ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად, უმცროს ექიმს უფლება აქვს შეასრულოს ექიმის მოვალეობები სერტიფიცირებული სპეციალისტის ხელმძღვანელობით. სერტიფიცირებული ექიმის მიუწვდომლობის შემთხვევაში უმცროს ექიმს შეუძლია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დამოუკიდებლად გაწევა.

ინგლისურენოვანი მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს ასევე უფლება აქვთ აშშ-ში ჩააბარონ USMLE-ის გამოცდები და დაიწყონ დიპლომისშემდგომი მომზადება, მათ შორის უფლება აქვთ  ჩააბარონ NExT/FMGE-ის გამოცდები და განაგრძონ პროფესიული საქმიანობა ინდოეთში.

 

13. სტუდენტთა მონაწილეობა პაციენტის მომსახურებაში

საქართველოში ყველა სტუდენტს, ეროვნების მიუხედავად, უფლება აქვს სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფიზიკური გამოკვლევები და სამედიცინო პროცედურები ჩაატაროს პაციენტებზე ინსტრუქტორის ზედამხედველობით და პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ („პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

 

14. სწავლების ენა ინგლისურენოვანი პროგრამებზე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  აკრედიტებულ ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა-სწავლების პროცესი, კლინიკური სწავლების ჩათვლით, სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, გარდა პაციენტთან კომუნიკაციისთვის საჭირო ქართული ენის კურსებისა (მინიმუმ 12 ECTS კრედიტი).

 

15.    შესაბამისობა ინდოეთის MBBS კვალიფიკაციასთან

საქართველოში გაცემული დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და მისი მფლობელი უმცროსი ექიმის სტატუსით ასრულებს ექიმის მოვალეობებს (იხ. პუნქტი 6). აღნიშნული მოვალეობები სრულად შეესაბამება ინდოეთში MBBS (Bachelor of Medicine and Bachelor of Surgery) კვალიფიკაციის მფლობელთა მოვალეობებს.

 

16.    უცხოეთში მოქმედი უნივერსიტეტების პროგრამების აკრედიტაცია

2023 წელს ცენტრს სამედიცინო პროგრამების აკრედიტაციის მიზნით მიმართა ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა. ცენტრმა, აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით შეაფასა წარდგენილი პროგრამები. ექსპერტთა ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, სომხეთისა და საქართველოს ექსპერტები. სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულმა ცენტრმა პირველად უზრუნველყო უცხოეთში მოქმედი სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის ადმინისტრირება.

 

17.    ინფორმაცია მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შესახებ

საქართველოში მყოფი ყველა სტუდენტი — როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი — რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში — „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ (EMIS), რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. აღნიშნული რეესტრი მოიცავს ინფორმაციას „მედიცინის “ (MD) საგანმანათლებლო პროგრამის ყველა მოქმედი სტუდენტისა და კურსდამთავრებულის შესახებ.