აკრედიტაცია

  • აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა, რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება - აკრედიტაციის საფუძველზე გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი (უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე).

     

    პროგრამის თვითშეფასების პროცესში, დაწესებულება აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის გზით ახდენს პროგრამის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შეფასებას და დასახავს პროგრამის განვითარების/გაუმჯობესების გზებს.

    პროგრამის აკრედიტაციის პროცესში, პროცესში ჩართული შემფასებლების მიერ გაიცემა რეკომენდაციები/რჩევები, რომლის შესრულება პროგრამის შინაარსის, რესურსების, ხარისხის უზრუნველყოფის, სტუდენტური სერვისების და სხვა მახასიათებლების/კომპონენტების განვითარებისკენ არის მიმართული.

  • აკრედიტაციის სტანდარტი ადგენს ხარისხის ნიშნულისადმი მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ფასდება საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის დონე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება ხდება 4 დონიანი სკალის მიხედვით:

    · „შესაბამისობაშია მოთხოვნებთან“;

    · „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”;

    · „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“;

    · „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

  • საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

    • ცენტრში წარმოადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი;
    • თუკი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები იქნება წესრიგში , ხოლო პროგრამის აკრედიტაციის საფასური - გადახდილი, ცენტრის დირექტორის ბრძანებით, შეიქმნება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაწესებულებაში განახორციელებს ვიზიტს, აკრედიტაციის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ადგილზე შეისწავლის პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობას და შეიმუშავებს დასკვნას;

    •    დასკვნის სრულყოფილად მოსამზადებლად, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი გამართავს შეხვედრებს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალთან, პროგრამის გამახორციელებელ აკადემიურ პერსონალთან, დამსაქმებლებთან/პოტენციურ დამსაქმებლებთან სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან,  - ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში (ექსპერტები შეირჩევიან იმ პირთაგან, რომლებსაც კონკურსის შედეგად მინიჭებული აქვთ აკრედიტაციის ექსპერტის სტატუსი);
    •    შეფასების პროცესში, თუ დაწესებულება მიიჩნევს, რომ რომელიმე ექსპერტს/ექსპერტებს რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტი აქვს მასთან, მას შეუძლია აცილების თაობაზე დასაბუთებით მომართოს ცენტრს. თუ იარსებებს აცილების რეალური საფუძველი, ცენტრი ჩაანაცვლებს ექსპერტს/ექსპერტებს;
    •    ცენტრი ვალდებულია დასკვნა დროულად გააცნოს დაწესებულებას, რადგან აკრედიტაციის საბჭო სხდომაზე მსჯელობს სწორედ ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე;
    •    თუ აკრედიტაციის საბჭოს წევრს რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტი აქვს დაწესებულებასთან, რომლის პროგრამის საკითხის განხილვაც მიმდინარეობს, მას შეუძლია, რომ გააკეთოს აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობის თაობაზე;
    •    საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილება და მიიღება გადაწყვეტილება აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე. განხილვაში, საბჭოს წევრებთან ერთად, მონაწილეობენ ექსპერტები, დაწესებულების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. დაწესებულებას საშუალება აქვს წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები დასკვნაში დაფიქსირებულ შეფასებებსა და რეკომენდაციებზე. საბჭო ვალდებულია, ამომწურავად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, რომლებიც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მისაღებად. განხილვის შედეგად საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებით (აკრედიტაციია მინიჭების, პირობითი აკრედიტაციის, -  ან უარის თქმის შესახებ).

    საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესი ხორციელდება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) მოთხოვნების გათვალისწინებით (იხ. აქ).
     

  • ინტერესთა კონფლიქტი არის პირის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება მის მიერ საქმიანობით განსაზღვრულ მიზნებთან. ინტერესთა

    კონფლიქტად განიხილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა - იხ. აქ.

  • საგანმანათლებლო დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

    •    სააკრედიტაციო განაცხადი, -  დაწესებულების ოფიციალური წერილი, რომელშიც დაწესებულება გამოხატავს საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიღების სურვილს (წერილი იწერება ცენტრის დირექტორის სახელზე).
    •    თვითშეფასების ანგარიშის  შევსებული კითხვარი; აღნიშნული დოკუმენტის ფორმა  განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე,. იხ. აქ.
    •    საგანმანათლებლო დაწესებულება მასში ასახავს აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამის თავსებადობის შესაბამის ინფორმაციას. 
    •    სააკრედიტაციოდ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა, სილაბუსებთან საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლი პერსონალის მონაცემებთან და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად  ელექტრონული ფორმით. 
    •    სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის (200 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    •    უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის დოკუმენტი ან საერთაშორისო ხელშეკრულება.
     

  • ერთი სააკრედიტაციო განაცხადით შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთი საგანმანათლებლო პროგრამა.

  • ერთი საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს ერთ კვალიფიკაციას, გამონაკლის შემთხვევაში, მაგისტრატურის საგანმანათლებლო შესაძლებელია ითვალისწინებდეს 3 კვალიფიკაციას ერთიდაიმავე დეტალურ სფეროში (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა).

  • აკრედიტაციის ექსპერტთ კორპუსის წევრი შესაძლებელია იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომლის შერჩევისა პროცედურა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები აღწერილია „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის“ შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების მე-2 თავში, იხ. აქ.

    ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საერთაშორისო ექსპერტები; საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების შეყვანის თხოვნით, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულება მიუთითებს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშში.

    საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობა სავალდებულოა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებისას. ამ შემთხვევაში უცხოელი ექსპერტი თავმჯდომარეობს ექსპერტთა ჯგუფს.

  • საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, რომელიც შედგება მუდმივი წევრებისგან და მოწვეული წევრებისგან, რომლის წევრებსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

    დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებით  გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობენ მოწვეული საბჭოს წევრები (შერჩევისას გათვალისწინებული სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნები და კრიტერიუმები).

    აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა ერთი წელია. 
     

  • აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.  

  • პროგრამის აკრედიტაციის ვადაა 4 წელი, განმეორებითი აკრედიტაციის მოქმედების ვადა, აგრეთვე იმ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება ავტორიზებულ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებდა არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის  7 წელი. ასევე, რიგ შემთხვევებში შესაძლებელია საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი აკრედიტაციის შესახებ, რომლის აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წელი (პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება ზედიზედ ორჯერ). 

  • საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის მისანიჭებლად  უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის  შემდეგ სტანდარტებს:
     

    1.  საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
    2. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
    3.    მოსწავლეების/სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
    4.    სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
    5.    სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.

    ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების თავისებურებებიდან გამომდინარე, განსხვავებულია მათი აკრედიტაციის სტანდარტების შინაარსი.

    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები იხ. აქ 
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების  ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
     

  • აკრედიტაციის სტანდარტების შედგენის საფუძველი არის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (ESG – 2015), იხ. ბმული აქ.

  • ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მიუხედავად იმისა,  საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები აკრედიტებულია თუ არა. არააკრედიტებულ პროგრამაზე  სწავლას სახელმწიფო არ აფინანსებს.
    სახელმწიფო აღიარებს ყველა ავტორიზებული დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს, მიუხედავად იმისა, გავლილი აქვს თუ არა პროგრამას აკრედიტაცია.
    ამასთან, კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ პროგრამებს, რომლებიც ვერ განხორციელდება აკრედიტაციის გავლის გარეშე. 
    აკრედიტაცია სავალდებულოა რეგულირებადი (სამართალი, მედიცინა, პედაგოგიკა, საზღვაო მეცნიერებები და ვეტერინარია) და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, ასევე, მასწავლებლის მომზადებისა მომზადების, ვეტერინარის მომზადების და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.
     

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულია ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის. სახელმძღვანელოს გაცნობა შესაძლებელია ბმულზე აქ.

  • დაწესებულებებმა შესაძლებელია ერთობლივად დაგეგემონ და განახორციელონ ერთობლივო საგანმანათლებლო პროგრამები. სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, პროგრამის სხვადასხვა კომპონენტები (სასწავლო, კვლევითი) გაიაროს ერთობლივი პროგრამის განმხორციელებელ პარტნიორ დაწესებულებებში. სწავლის პერიოდში, ისარგებლოს სხვადასხვა დაწესებულების რესურსებით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით და სხვადასხვა სერვისებით. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება ერთობლივი აკადემიური ხარისხი.

  • აკრედიტაციის საბჭოს სხდომის ოქმები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე (ბმული) - ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ამ დოკუმენტებთან ერთად, ცენტრის ვებ გვერდზე საჯაროდ ქვეყნდება ექსპერტთა დასკვნა.

  • აკრედიტაციის საბჭოს წევრების ვინაობის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ აქ.

  • აკრედიტაციის საბჭოს სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ პირს. გამონაკლის შემთხვევებში, იგი შეიძლება დახურულად გამოცხადდეს და, შესაბამისად, დასწრება შეიზღუდოს (აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით).

  • აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის:

    ა) აკრედიტაციის შესახებ;

    ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;

    გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;

    დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

    ამ გადაწყვეტილებებიდან, „აკრედიტაციის შესახებ“, „პირობითი აკრედიტაციის შესახებ“ და აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ“ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს პროგრამის აკრედიტაციის წარმოების შედეგად. ხოლო „აკრედიტაციის გაუქმების შესახებ“ გადაწყვეტილებას, აკრედიტაციის საბჭო იღებს  - აკრედიტებული პროგრამის მონიტორინგით შემოწმების შედეგად.

     

  • აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე შესაძლებელია სააპელაციო საბჭოში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ ეთანხმება მას. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოშიც. გასაჩივრება ხდება ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შემდეგ მისამართზე: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6.

    განსაზღვრულია გასაჩივრების ვადა და იგი დაინტერესებული პირისათვის, საბჭოს გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, 1 თვეა.

  • სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება შესაძლებელია იყოს 2 სახის:

    ა) აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.);

    ბ) აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ (საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხს ხელახლა განიხილავს აკრედიტაციის საბჭო).

  • შესაძლებელია დაწესებულებამ გაიაროს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, შემდეგ კი, გარკვეული პროცედურის დაცვით, ცენტრმა შესაძლებელია მოახდინოს მიღებული აკრედიტაციის აღიარება (ამ პროცესს განმარტავს აკრედიტაციის დებულება, 28-ე მუხლი, იხ. აქ).

  • კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით. საგანმანათლებლო პროგრამის მონიტორინგით დგინდება პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან. შეფასების პროცესში ჩართულია ექსპერტთა ჯგუფი. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა განიხილება აკრედიტაციის საბჭოზე, რომელიც იღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებას:
    აკრედიტაციის გაუქმების   შესახებ   გადაწყვეტილება   მიიღება იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა მონიტორინგით შემოწმების შედეგად საბჭოს მიერ ერთ-ერთი სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”.  
    დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია, დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებამ არ გამოასწორა ხარვეზი, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის  გაუქმების შესახებ.
    ამასთან, აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას/პროგრამებს, ვალდებულია ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 
     

  • აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები. რიგ შემთხვევაში, დაწესებულებამ ცვლილებების შესახებ ცენტრს უნდა აცნობოს ინფორმაცია (აკრედიტაციის დებულების 30-ე მუხლი, იხ. აქ).

  • სტუდენტს შეუძლია გაასაჩივროს თავისი შეფასება, ასევე, საგანმანათლებლო პროცესში მიმდინარე პრობლემატური საკითხები. ამისათვის მან უნდა მიმართოს პირველ რიგში დაწესებულებას. სტუდენტს ასევე შეუძლია, რომ ცენტრში გამოაგზავნოს საჩივარი. საჩივარის ფორმა შესაძლებელია მოიძიოთ ბმულზე აქ (განცხადება ასევე შესაძლებელია გამოიგზავნოს ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც: info@eqe.ge, თან უნდა საერთოს პირის პირადობის მოწმობის ასლი).

  • თუ აკრედიტაცია გაუუქმდება ისეთ პროგრამას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია აკრედიტაციის გარეშე, ,პროგრამაზე სწავლა სტუდენტს აღარ დაუფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამ პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა/არჩევანი - გადავიდნენ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის/ან სხვა პროგრამაზე, ან გააგრძელონ სწავლა აღნიშნულ პროგრამაზე, სახელმწიფო დაფინანსების მიღების გარეშე. ხოლო თუ აკრედიტაცია გაუუქმდება ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ვერ განხორციელდება აკრედიტაციის გარეშე, ხდება პროგრამის გაუქმება, სტუდენტებს უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და ამ პროგრამის სტუდენტები უნდა გადავიდნენ თავისი დაწესებულების,  ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის/ან სხვა  პროგრამაზე.

  • პროგრამის აკრედიტაციის შესახებ ცნობის მისაღებად მოგვმართეთ განცხადებით, რომელშიც აღნიშნავთ, თუ რომელი დაწესებულების რომელი პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გესაჭიროებათ ცნობა (განცხადებას თან უნდა დაერთოს თქვენი პირადობის მოწმობის ასლი). განცხადება შეგიძლიათ გამოგზავნოთ ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც: info@eqe.ge. ცნობა გაიცემა 15 სამუშაო დღის ვადაში. ცნობის გაცემა უფასოა.

  • თუ დაწესებულების რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდება აკრედიტაცია, დაწესებულებას  ავტორიზაციის საფუძველზე მაინც შეუძლია განაგრძოს საგანმანათლებლო საქმიანობა. ხოლო თუკი დაწესებულებას გაუუქმდება ავტორიზაცია, პროგრამის აკრედიტაცია ავტომატურად უქმდება.

  • აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 200 ლარს.

  • საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასური განსაზღვრულია აკრედიტაციის დებულების შესაბამისად შემდეგი სახით:

    საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 8.356 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 11.433 ლარს. 

    რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა), ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 12.138 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 15.215 ლარს. 

    რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 15.813 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 18.569 ლარს. 

    ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 5.650 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 8.112 ლარს. 

    მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა, მივლინების საჭიროების გარეშე, შეადგენს 6.830 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 9.292 ლარს.

  • პროგრამის აკრედიტაციის საფასური უნდა გადაიხადოთ უნაღდო ანგარიშსწორებით.

    საფასური უნდა გადაიხადოთ უნაღდო ანგარიშსწორებით.

    ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები: 

    მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა 
    მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში 
    ბანკის კოდი - TRESGE22 
    მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)

    გადახდისას აუცილებლად მიეთითება, თუ რომელი პროგრამის აკრედიტაციისათვის არის განსაზღვრული საფასური.

  • დაწესებულებას  პროგრამის აკრედიტაციისთვის გადახდილი თანხა დაუბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებულება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე  ცენტრს მიმართავს სააკრედიტაციო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით. სხვა შემთხვევაში,  მიუხედავად იმისა, პროგრამას მიენიჭება თუ არა აკრედიტაცია, დაწესებულებას საფასური უკან არ უბრუნდება.