FAQ

აკრედიტაცია

აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. სააკრედიტაციო შეფასება ხორციელდება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებისა და აკრედიტაციის ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.

 

კლასტერული აკრედიტაცია


უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამისათვის, ასევე კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის.

ცენტრის მიერ განხორცელებული მნიშვნელოვანი სამუშაობის შედეგად, გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის უწყვეტ განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, 2022 წლიდან საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარეობს კლასტერული აკრედიტაციის სისტემის იმპლემენტაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის სისტემის დანერგვა განაპირობა აკრედიტაციის პროცესში გამოვლენილი გასაუმჯობესებელი მხარეებისა და პროგრამული აკრედიტაციის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზმა.

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“  საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა კლასტერული აკრედიტაციის ცნება და აკრედიტაცია სავალდებულო გახდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა სახისა და საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამისთვის. 

საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადი შესაძლოა ითვალისწინებდეს არაუმეტეს რვა საგანმანათლებლო პროგრამისა.


რა არის კლასტერი?

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი არის  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისთვის, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“  და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“  მიხედვით კლასიფიცირებული, შინაარსობრივი ნიშნით (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები) დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლიობა. საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფების წესი და პირობები განისაზღვრება აკრედატაციის დებულების შესაბამისად (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება  №65/ნ, 2011 წლის 4 მაისი, დანართი №5).   აკრედიტაციის მიზნებისათვის კლასტერში არ ჯგუფდება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებო პროგრამა (MD) და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. 



საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის ხელახალი აკრედიტაცის ვადები

კლასტერული აკრედიტაციის პროცესის დასაწყებად აუცილებელი გახდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით განსაზღვრულ დეტალურ სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადების გათანაბრება. შესაბამისად, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პროცესში, სწავლის სფეროების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შესაბამის დეტალურ სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადები გათანაბრდა და სხვადასხვა დეტალური სფეროებისათვის თანმიმდევრულად განისაზღვრა ხელახალი აკრედიტაციის კონკრეტული ვადები. 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 ივნისის №739908 ბრძანებით დამტკიცდა: ,,2022 წლის 01 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მიერ 2022–2028 წლებში ხელახალი აკრედიტაციის გავლის ეტაპები" . საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით.

საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის ეტაპებთან ერთად განისაზღვრა უმაღლესი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი პროგრამების აკრედიტაციის ვადების მითითებით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 ივნისის №739910 ბრძანებით  დამტკიცებული ,,2022–2028 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ვადების განსაზღვრის მიზნით, 2022 წლის 01 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი"). 

ხელახალი აკრედიტაციის ვადები არ გავრცელდა იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მინიჭებული ჰქონდათ პირობითი აკრედიტაცია, ან აკრედიტაცია მინიჭებული ჰქონდათ ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაციის მიერ.
 

საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა

საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადაა 7 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ ხელახალი აკრედიტაცია,  სააკრედიტაციოდ წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრული კლასტერის ვადამდე (რაც დარჩენილია ამ საგანმანათლებლო პროგრამის სფეროს  კლასტერის აკრედიტაციამდე). 

საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ ხელახალი აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას პირობითი აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადისა.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების/კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესს არეგულირებს აკრედიტაციის დებულება (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ").