პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების გამოყენებით.
ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებს აყალიბებენ და ახორციელებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.
ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიმები განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება შემდეგი გარე მექანიზმები:
· პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია;
· ავტორიზებული უმაღლესი ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან ამ სტატუსის მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება;
· პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა;
· პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების გეგმიური მონიტორინგი;
· პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების არაგეგმიური მონიტორინგი;
· პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების პროცედურები;
· პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის პროცედურები;
· პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების პროცედურები;
· საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების პროცედურა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიმების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი, რომელიც დაკომპლექტებულია განათლებისა და პეროფესიული სწავლების სფეროების შესაბამისი დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. ცენტრი ახორციელებს ექსპერტთა კორპუსის წევრების პროფესიული განვითარების ინტენსიურ ღონისძიებებს, მათი მუშაობის მონიტორინგს, შეფასებას და კორპუსის პერიოდულ განახლებას.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, ინფრასტრუქტურის, რესურსების და საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნებს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ხოლო მის მუშაობას ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს ცენტრში არსებული სამდივნო.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დაწესებულებებს უზრუნველყოფს კონსულტაციებით,
ტრენინგებით, დამხმარე სახელმძღვანელოებით და გზამკვლევებით. სამსახური კონსულტაციებს უწევს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლებსაც.
პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების დახმარება მათ მიერ განხორციელებული პროექტების სახით.
ცენტრის ვებგვერდის წინამდებარე რუბრიკაში დაინტერესებული პირი იპოვის ინფორმაციას პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, პროცედურების, სამუშაო ფორმების, სტანდარტებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.